2012

ეს პოსტი ეხება არა ფილმს, არამედ 21.12.2012 -ს, როგორც ადამიანების უმეტესობის პანიკის ობიექტს. მომავლის შიში, რომელიც რეალურად ბევრს არაფერს უცვლის, თუმცა ამაზე მოგვიანებით…

პირველად ამ თარიღისადმი  შიშის არსებობის შესახებ ბევრ თქვენგანზე გვიან გავიგე – მეგობრები ფილმის საყურებლად შევიკრიბეთ და წამოვიდა იდეა, 2012 წლის შესახებ გვენახა ”დოკუმენტური”. მაშინ გავარკვიე მაიას ტომების წინასწარმეტყველების შესახებ. აქ არ მაქვს ლაპარაკი იმაზე, რა იწინასწარმეტყველეს, სრული განადგურება, რადიკალური ცვლილებები თუ მსგავსი რამ. ეს არ მაინტერესებს. მე მინდა დავწერო ხალხის შიშის შესახებ.

ამ პერიოდის განმავლობაში არასდროს შემშინებია 2012 ის. 2000 წელსაც ვიხოცებოდით ყველანი, 2002 შიც, მანამდეც, მე რაც არ მახსოვს, 2012 წლის მერეც ბევრჯერ იქნება ასეთი მეორედ მოსვლის ცრუ თარიღები დამიჯერეთ :D

საქმე იმაშია, რომ ახალი ამბების წაკითხვისას თითქმის ყოველ დღე მხვდება ახალი მიწისძვრის შესახებ ცნობა- თურქეთი, ჩილე, დღეს უკვე ინდონეზია და ა.შ. სტატიები მომრავლდა დედამიწის ღერძიდან გადახრის შესახებ – ხალხი ნელ-ნელა უფრო და უფრო რწმუნდება, რომ დასასრული ახლოვდება, პანიკას ვერ დავარქმევ, მაგრამ შიში იზრდება მაგიური რიცხვის მიმართ —2012—

რა შეიცვალა ამ ადამიანებში გარდა იმისა, რომ შიშში ცხოვრობენ? გამუდმებულ შიშში არამგონია, ყოველ წამს სიკვდილის მოახლოებაზე არავინ ფიქრობს, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ქვეცნობიერად ყველა ელოდება, განსაკუთრებით ამ ახალი ამბების შემდეგ. რეალურად კი არავინ არაფერს ცვლის ცხოვრების წესში.

მე პირადად, ზუსტად ისეთი დამოკიდებულება მაქვს 2012 წლისადმი, როგორც აგნოსტიკს ღმერთისადმი – მაინცდამაინც არ მჯერა,რომ დედამიწა აფეთქდება (თუ რასაც ელოდებიან),  თუმცა არცაა გამორიცხული მართლა მოხდეს, მაგრამ არ მეშინია.

მაგრამ არ მესმის იმ ხალხის, რომელმაც იცის, არა, დარწმუნებულია, რომ 2012 ში დედამიწის აღსასრული გველოდება. მაშინ რატომ არაფერს ცვლიან? რამდენი რაღაცაა, რისი გაკეთებაც უნდათ, რატომ არ ცდილობენ მაქსიმალურად მოასწრონ ყველაფერი? უბრალოდ სხედან და ეშინიათ? რა მუღამი აქვს? :D არასდროს ჩააბარებდით უმაღლესში მარტო იმიტომ, რომ გამოცდების შიში გაქვთ? არასდროს დაიწყებდით მუშაობას მარტო იმიტომ, რომ შეიძლება ერთ დღესაც გაგათავისუფლონ? არასდროს შეიყვარებდით ადამიანს მარტო იმიტომ, რომ შეიძლება ერთ დღეს დაშორდეთ? სისულელეა – ან არ უნდა გეშინოდეთ, ან თუ გეშინიათ, შეცვალეთ რამე – გამოცდების შიში გაქვს? ბევრი იმეცადინე და კარგად ჩააბარებ, რომ დაინახავ, ადვილია, აღარ შეგეშინდება, კარგად იმუშავე და აღარ გაგიშვებენ სამსახურიდან, თუ არ ცდი, როგორ გაიგებ დაშორდებით თუ არა ერთმანეთს?  ის პერიოდი რაც ერთად კარგად ხართ, ხომ ღირს საბოლოოდ დაშორებად? მგონი მიხვდით რაზეც ვლაპარაკობ.

რა მოხდება ჩემთვის 2012 წლის 21 დეკემბერს? ვიმედოვნებ, რომ  თორნიკეს 23-ე და მიშას ორმოცდარომელიღაცე დაბადების დღე იქნება, სხვა არც არაფერი :D

Advertisement